სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი კახა ჩიხრაძე ორშაბათიდან შვებულებაში გადის და სასწრაფოში აღარ დაბრუნდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ჩიხრაძის წასვლა სასწრაფოდან გადაწყვეტილი საკითხია, მაგრამ არის პროცესუალური მხარეები, რომლებიც დღეს ვერ გადაწყდება.
"სასწრაფოს მმართველობა გადაიბარა მმართველობითმა საბჭომ, რომელზეც დებულებით ბრძანებას წერს დირექტორი. ჩიხრაძეს ეს ბრძანება დღეს უნდა დაეწერა და ამიტომ ჯერჯერობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრშია. მაგრამ ორშაბათიდან ჩიხრაძე გადის შვებულებაში და სასწრაფოში აღარ დაბრუნდება. ერთი კვირის შემდეგ, ჩიხრაძე შვებულებიდან არ დაბრუნდება და მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროში ან ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში განაგრძობს", - განმარტა ქაცარავამ.
მისივე თქმით, გუშინ, სასწრაფოს მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდა და მასში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მზია ჯოხიძე, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნიკოლოზ შიშნიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ ჯალაბაძე, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი თინათინ შელია, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გოჩა გვენეტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი გია ხეჩინაშვილი და საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენელი კახა ფირუაშვილი.
ქაცარავას ინფორმაციით, კახა ჩიხრაძე საბჭოს გადააბარებს ყველა საქმეს და მათ ყველა საკითხს გააცნობს. მისივე თქმით, ახალი დირექტორის კანდიდატურაზე კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.
სასწრაფო-სამედიცინო ცენტრიდან გათავისუფლებული ექიმები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას სიცრუეში ადანაშაულებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა ექიმმა, ლევან ლატარიამ განაცხადა, ექიმები, რომლებმაც შიმშილობა შეწყვიტეს, სამედიცინო ცენტრში სამსახურში აღდგენის თაობაზე განცხადების დასაწერად მივიდნენ, სადაც უთხრეს, რომ განცხადება ცენტრის უფროსის, კახა ჩიხრაძის სახელზე უნდა დაეწერათ.
ექიმები ამბობენ, რომ ცენტრში ისევ ძველი ხელმძღვანელობაა და მამუკა ქაცარავამ ისინი მოატყუა. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ექიმები მერიასთან შიმშილობითა და პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან, მთავარი მოთხოვნა კი, მათივე თქმით, "მატყუარა მამუკა ქაცარავას გადადგომა" იქნება.
სასწრაფოდან გათავისუფლებულმა ოთხმა ექიმმა შიმშილობის აქცია 7 მარტს დაიწყო. ისინი სამსახურში აღდგენასა და ადმინისტრაციის გადადგომას მოითხოვდნენ. ექიმებმა შიმშილობა 13 მარტს შეწყვიტეს და, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, მათ მერიისგან მოისმინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე საქმიანობას ჩამოშორებულია.
ამასთან, იმავე დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს, კახა ჩიხრაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდებოდა. მისივე ინფორმაციით, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებაზე საკონსულტაციო-მმართველობითი საბჭო იზრუნებს, როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მმართველობით საბჭოში ორი წარმომადგენელი მერიიდან იქნება, სამი კი - ჯანდაცვის სამინისტროდან.