პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე 16 მარტს ბრიუსელს ეწვევა , სადაც ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
გერმან მარშალის ფონდის ეგიდით ორგანიზებული ფორუმი წელს რიგით მერვედ ტარდება და მასზე იკრიბებიან მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები. წელს ფორუმის სტუმრებს შორის არიან: ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ქეთრინ ეშტონი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენევი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სენატის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ჯაფარიძე დახურულ სადილზე სიტყვით გამოვა. პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, მისი გამოსვლა შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ კუთხით ევრაზიული კავშირიდან მომდინარე საფრთხეებს.
ფორუმის ფარგლებს გარეთ ჯაფარიძეს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში 19 მარტს დაბრუნდება.
ამავე ფორუმში საქართველოდან მონაწილეობას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იღებს.