ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ბიზნესის წამომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობიღ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული შეხვედრა სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ბიზნესის, ისე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნესსექტორს თანამშრომლობის ახალი სტრატეგია გააცნო.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სადაც აქცენტი გააკეთა მთავრობის ბიზნესსექტორთან ურთიერთობის მთავარ ასპეტებზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან სავაჭრო-სამრეწველო პალატას ყველანაირი მხარდაჭერა ექნება, რათა ის ბიზნესის ინტერესების დამცველ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. "თუმცა, მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი და ძალიან ფართო წარმომადგენლობა, რათა ნდობის მაღალი მანდატი მიიღოს", -აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის სურვილია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეალურად ძლიერ ინსტიტუტად გადაიქცეს, სადაც "კონსოლიდირებული იქნება ბიზნესის ინტერესები, მოხდება მათი დაფიქსირება, მთავრობამდე მიტანა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის ერთობლივად მოძებნა".
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნება მაღალი კომპეტენციის ძლიერი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც ეფექტიანი მექანიზმი იქნება კომერციული და სამეწარმეო დავების სწრაფად და კომპეტენტურად მოსაგვარებლად. "ესაა დისპუტების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში არ არსებობს, ან ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.