აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე განათლების სამინისტროში უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ყველა დაზუსტებულ დოკუმენტს და ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით განაცხადს შეიტანს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ლაშა გოცირიძემ თავად განუცხადა.
"რა დოკუმენტაციასაც მივიტანთ, ეს არის იმის დადასტურება, რომ სადავო საკითხები არ არსებობს. შეიძლება დაიწყოს ავტორიზაციის აღდგენის პროცესი", - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, გუშინ საღამოს შეხვდა განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს და პირადად მიაწოდა ინფორმაცია აგრარული უნივერსიტეტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მან მინისტრისგან მიიღო მხარდაჭერა.
თუმცა რექტორი ასევე აღნიშნავს, რომ გაუკვირდა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, თითქოს აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დოკუმენტაციის გასწორებას არ აპირებს.
გოცირიძე ასევე განმარტავს, რომ მინისტრს აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მისმა თანამშრომლებმა ბევრი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
გოცირიძე სტუდენტების აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აქციას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.