არა მგონია, სხვის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა გვჭირდებოდეს მაშინ, როცა ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ნატო-სა და აშშ-სთან , - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპის სახალხო პარტიის მიერ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუციაში ვერ ნახა ვერც ერთი ფაქტი, რითაც ევროპის სახალხო პარტიის წევრები საკუთარ თეზისებს ამყარებენ.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან დასაბუთებული მიმართვა გაუგზავნა "ევროპის სახალხო პარტიას", სადაც მისმა წევრებმა შეიძლება ამოიკითხონ პასუხი ყველა კითხვაზე, რომელცი მათ აქვთ. ვფიქრობ, როცა ევროპელი პარლამენტარები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კარგად უნდა იცნობდნენ ფაქტებს და თეზისებს, რომლებსაც თავიანთი განცხადებით სთავაზობენ საერთაშორისო საზოგადოებას, სწორედ ფაქტებით ამყარებდნენ. სამწუხაროდ მათ რეზოლუციაში ასეთი ფაქტები არ მინახავს, მაშინ როცა ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ფაქტების მიხედვით უნდა მოქმედებდეს ყველა. არა მგონია, მსოფლიოს შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა სჭირდებოდეს მაშინ, როცა გვაქვს ასეთი ინტენსიური ურთიერთობა ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ნატო-სა და აშშ-სთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქემთა მინისტრის განმარტებით, ახალი ხელისუფლება ჯანსაღ კრიტიკას მიესალმება, თუმცა ის უნდა ემყარებოდეს ფაქტებს.
"ჩვენ ყველანაირ ჯანსაღ კრიტიკას მივესალმებით, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ კრიტიკა უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და მართლაც იმის სურვილს, რომ ყელაფერი იყოს კარგად", - დასძინა ფანჯიკიძემ.