მაია ფანჯიკიძე:   ევროკავშირთან ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას ხელი არ შეეშლება

მაია ფანჯიკიძე: ევროკავშირთან ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას ხელი არ შეეშლება

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ევროპის "სახალხო პარტიის" დეკლარაციის გამო, ევროკავშირთან სავიზო და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას ხელი არ შეეშლება. 

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისიტებს განუცხადა, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული გეგმა გუშინ უკვე დამტკიცდა. ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა კი მომავალ კვირას დასრულდება.

"სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული გეგმა გუშინ დამტკიცდა. მის განხორციელებას ხელი არ შეეშლება, რადგან ეს ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ ამ გეგმას განვახორციელებთ ისე, როგორც საჭიროა. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, ტექსტზე მუშაობას მომავალ კვირას დავასრულებთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, ტექსტის პარაფირება ვილნიუსის სამიტამდე მოხდება.

"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ვილნიუსის სამიტამდე უნდა მოხდეს ტექსტის პარაფირება. ეს პროცედურა ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტამდე ეს ყველაფერი მოხერხდება", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.