"მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტის მიზანი სამეურვეო საბჭოს დაშლაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ევროპაში არსებული ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა.
"კანონპროექტის მთავარი არსი, რომელიც შემოტანილია უმრავლესობის მხრიდან, არის ის, რომ დაიშალოს სამეურვეო საბჭო, რაც არღევს ყველა ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც არის ევროპაში, მათ შორის კანონის უზენაესობის, განჭვრეტადობის პრინციპს. დაუშვებელია პოლიტიკურ ცვლილებასთან ერთად მოხდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მართვის ორგანოების ცვლილება", - განაცხადა მინაშვილმა.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით ამ წუთებში იხილება. ცვლილებების შესახებ მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ელისო ჩაფიძეა. საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, თამარ კორძაია და საზოგადოებრივი სექტორის სხვა წარმომადგენლები არიან. კანონპროექტი სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესის შემოღებას ითვალისწინებს. წესდება მაუწყებლის ვალდებულება, მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება; ასევე, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესი. წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტს ასევე შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები.
კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდრულად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება.
ფუნდამენტურად იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა. შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრამდე მცირდება. პარლამენტისადმი წარსადგენ კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს.