კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა კასპის გამგებლის ოლეგ იაძისგან ბოდიშის მოხდა და მისი გადადგომა მოითხოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და გამგეობის შენობას ზურგი შეაქციეს. ისინი აცხადებენ, რომ გამგებელს ისევე შეაქცია ზურგი საკუთარმა მოსახლეობამ, როგორც თავად მიაყენა შეურაცხყოფა მოსახლეობას ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით.
ასევე, აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებენ, რომ ოლეგ იაძეს რაიონის მართვის უფლება აღარ აქვს.
აქციის მონაწილეებმა გამგეობის შენობიდან საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც საკრებულოს "ნაციონალი" თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის და მისი მოადგილის გადადგომაც მოითხოვეს.
მათი თქმით, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
არც ოლეგ იაძე და არც საკრებულოს ხელმძღვანელობა აქციას არ გამოხმაურებია და პრესასთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამასთან, ოლეგ იაძის თანამშრომლები ამბობენ, რომ გამგებელს პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში გამართული აქციის მონაწილეები კრიმინალები და ნარკომანები არიან.