სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი კონკურსის გამართვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორხელისუფლებიანობას გამოიწვევდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ორხელისუფლებიანობა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მაუწყებლისთვის ძალიან მძიმე იქნებოდა.
"მე ვწუხვარ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისის გამო. ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კანონი იქნება ერთი პიროვნების ნებაზე აგებული, ის ვერ უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესების დაბალანსებას. ბარათაშვილს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება აქვს გასაჩივრებული სასამართლოში. სასამართლომ უნდა იმსჯელოს რამდენად სწორად არის ეს ადამიანი განთავისუფლებული. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი კონკურსის გამართვა გამოიწვევდა ორხელისუფლებიანობას საზოგადობრივ მაუწყებელზე, რაც ძალიამ მძიმე პერსპექტივა იქნებოდა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მაუწყებლისთვის", - განაცხადა ჩაფიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი დასაშვებად სცნო. მოსამზადებელი სხდომა 2013 წლის 8 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-დან აცნობეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე ღია კონკურსი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სამეთვალყურეო საბჭომ 4 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა. 13 მარტს ბარათაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მოითხოვა.
საქმეზე წარმომადგენლობას საია-ს ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები ახორციელებენ.