გაერო-ს განვითარების ფონდმა "ადამიანთა განვითარების ინდექსი" გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მაღალი განვითარების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. ინდექსი წარმოადგენს ინდიკატორს, რომელიც აერთიანებს განვითარების სამ ძირითად საზომს - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, განათლების დონესა და შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე.
გაერო-ს განვითარების ფონდის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნებმა დააჩქარეს განვითარების ტემპები განათლების, ჯანდაცვისა და შემოსავლების მაჩვენებელში ისე, რომ არც ერთ ქვეყანაში, 2000 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსი არ შემცირებულა.
"ადამიანთა განვითარების ინდექსში" საქართველო მაღალი განვითარების ქვეყნებს შორის მოხვდა. მისი მაჩვენებელი 0,745-ით განისაზღვრა და 187 ქვეყანას შორის72-ე საფეხურზე აღმოჩნდა. წინა რეიტინგთან შედარებით, საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა.
მოხსენების მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოში 73,9 წლით განისაზღვრა, საშუალო განათლება – 12-წლიანი სწავლებით სკოლაში, ერთ სულ მოსახლეზე წლიური საშუალო შემოსავლის მაჩვენებელი კი - 5,005 დოლარით.
"ადამიანთა განვითარების ინდექსში" პირველ სამ ადგილზე არიან ნორვეგია, ავსტრალია და აშშ. რეიტინგის ბოლო საფეხურს ადამიანთა ყველაზე დაბალი განვითარებით ნიგერია იკავებს.