დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალურობით კერძო პირებისგან განსხვავებით, საჯარო პირები დაცული არ უნდა იყვნენ. ხმალაძე კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებაში კანონსაწინააღმდეგოსა და არაეთიკურს ვერაფერს ხედავს. ხმალაძე მიიჩნევს, რომ როცა საქმე უმაღლესი თანამდებობის პირებს ეხებათ, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
"მაგალითად, თუკი თქვენ გეცოდინებათ, რომ პრეზიდენტობის ან პარლამენტის წევრობის ასარჩევი კანდიდატი ფსიქიკურად დაავადებულია, ალბათ, მას ხმას არ მისცემთ. ვთქვათ პრეზიდენტობის კანდიდატი გადაუდებელი სენით არის დაავადებული, ალბათ, არც მას აირჩევთ. იცით, რატომ არ უნდა ავირჩიოთ?! - გააჩნია რა ტიპის ავადმყოფობაა. საერთოდ ავადმყოფობა, რომელიც ნორმალური მდგომარეობიდან გადახრაა, ხშირად ადამიანის ფსიქიკას ასვამს დაღს და ეს უკვე საზოგადოებისთვის შეიძლება იქცეს სახიფათოდ. შეიძლება ავადმყოფობის მიუხედავად, ამა თუ იმ პირს არჩევნებში მხარი დავუჭიროთ, მაგრამ შეიძლება ამაზე დავფიქრდეთ. შეიძლება იყოს ასარჩევი კანდიდატი, რომელსაც ფობიები აწუხებს და მან მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
ალბათ, ცოტა სახიფათოა, ადამიანს, რომელსაც ფობიები აწუხებს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება მივანდოთ. თუკი კლაუსტროფობია აქვს, სახიფათო არ იქნება, რადგან ლიფტში ჩაჯდება თუ არა, ეს პრობლემას არ შექმნის, მაგრამ არის ისეთი ფობიები, რომელიც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს" - განაცხადა ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი პარლამენტში საკანონმდებლო პროექტის ინიცირება, რომლის გათვალისწინებითაც, საჯარო პირებს, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატებს ნარკოლოგიურ ცნობასთან ერთად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენაც მოეთხოვებათ, ხმალაძემ განაცხადა, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში გამოსვლას არ აპირებს, მაგრამ მისივე თქმით, "ამის გარკვევით ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ".
"ისე, თუ დაინტერესდებით, არაფერი ამაში ურიგო არა იქნება" - დასძინა ხმალაძემ.