საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქრთამის აღების ფაქტზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ სამინისტროს თანამშრომელი თენგიზ მოდებაძემ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აშენებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსში, სამოთახიანი ბინის მიღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ დევნილ ოჯახს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი გამოართვა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ალის და წაღვლის რწმუნებულები მარგარიტა კულიჯანოვა და ელგუჯა კილაძე. მათთან ერთად დაკავებულია სოფელ ალის მკვიდრი გიორგი ნოზაძეც, რომელიც ქრთამის აღებაში ხელშეწყობისთვის არის ბრალდებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ კულიჯანოვამ და კილაძემ მსხვილფეხა საქონლის გაყიდვისთვის საჭირო ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 600 ლარი აიღეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.