საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას რაიმე სახის დაბრკოლება შეიძლება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებმა და მათმა ცრუ ბრალდებებმა შეუქმნას.
"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ – გამიშვით, სერზე ცხვარი მოდისო", - სწორედ ასე გამოეხმაურა ხმალაძემ "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლების ახალ საპასუხო წერილს. დეპუტატისთვის გაუგებარია, სასამართლოსთან თუ მედიასთან მიმართებაში, რა სახის ზეწოლაზე საუბრობს ევროპარლამენტართა ეს ჯგუფი.
"არც ერთი მოსამართლე 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა. რაც შეეხება მედიას - ცვლილება, რაც მედიასთან დაკავშირებით მოხდა, არის ის, რომ "ტელეიმედი" თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, რაც ძალიან კარგია. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა და როგორ მოხდა, მაგრამ ვიცი ის, რომ არჩევნებიდან მალევე პატარკაციშვილების ოჯახს "იმედი" დაუბრუნეს. რაც შეეხება სხვა მედია-საშუალებებს, მოხდა ის, რომ გაქრა "რეალTV", რაშიც ახალი ხელისუფლება არაფერ შუაშია და ეს რომ ასე ყოფილიყო, წივილ-კივილს პირველ რიგში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაიწყებდნენ. შესაძლოა ვინმეს რაიმე ეჭვი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით გაუჩნდეს, თუმცა აქაც სახეზეა არა ხელისუფლების მოქმედებები, არამედ იქ არსებული შიდა დაპირისპირება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.
ხმალაძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებმა საკუთარი დასკვნები და შეფასებები გააკეთეს ისე, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიწოდებული ინფორმაციები არ გადაამოწმეს.