აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები კატეგორიულად უარყოფენ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათი აქციები და პროტესტი პოლიტიკური ძალების მხრიდან არის მართული.
აგრარული უნივერსიტეტის ორი წარმომადგენელი თეკლა ძიძიგური და მარიამ კუპრეიშვილი დღეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ივანიშვილის ნათქვამში იყო ძალიან ბევრი უზუსტობა. მათი თქმით, არასწორია, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ აგრარული უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება განათლების სამინისტროს გამოასწოროს შენიშვნები და თითქოს ჯიბრში უდგება აღნიშნულ უწყებას.
სტუდენტთა თქმით, იმის მიუხედავად, რომ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ავტორიზაციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში დაფიქსირებული შვიდი ხარვეზიდან მხოლოდ ერთს აღიარებს, შვიდივე მოთხოვნა გათვალისწინებული და დაკმაყოფილებულია.
რაც შეეხება აქციებს, მათი თქმით, პროტესტი, რომელიც გაუჩნდათ, არის სრულიად ბუნებრივი, რადგანაც სტუდენტები მიიჩნევენ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს უსამართლოდ შეუწყდა ავტორიზაცია. ამასთან, მათივე თქმით, არანაირი სურვილი არ აქვთ სტუდენტებს გადანაწილდნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ისეთ განათლებას, როგორსაც აძლევს აგრარული უნივერსიტეტი ვერც ერთი სხვა უმაღლესი სასწავლებელი ვერ მისცემს.
დღეს სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროს წინ გაიმართება. მოთხოვნა არის გაუქმებული ავტორიზაციის აღდგენა. როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მათ მხარდასაჭერად მივლენ თსუ-ს, ილიაუნისა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.