სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაშლის საფრთხეს ვერ ხედავს.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციის კომენტირებისას განუცხადა, არჩევნების შემდგომ პერიოდში ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია მხოლოდ გამჭვირვალობის გაზრდისკენ და რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ.
"ამ პროცესში ჩვენ მზად ვართ რეკომენდაციებისთვის, კრიტიკისა და შენიშვნებისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული. ჩვენთვის არავითარი სტანდარტების დაყენების პრობლემა არ არსებობს. პირიქით, მოვითხოვთ, რომ უმაღლესი სტანდარტებით მოხდეს საქართველოს შეფასება ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაქვს ამ სტანდრტების დაკმაყოფილების ამბიცია და დარმწუნებული ვართ, რომ მიზანს მივაღწევთ. რაც შეეხება გასული 9 წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებს, უმჯობესია, თუ ევროპაში ღიად და გულწრფელად იმსჯელებენ ამ თემებზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაშლის საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან საქართველოს მთავრობა ყველა ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით.
"ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებები ძალიან ახლოს არის წარმატების დასრულებასთან. ვფიქრობ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების თვალსაზრისით", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
"ევროპისა სახალხო პარტიის" დეკლარაცია დღეს გავრცელდა.