წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, იყო თვეები, როდესაც კონკრეტულ მინისტრებს აღებული ჰქონდათ 27 000 ლარი.
"მინისტრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 10-12000 ლარს შეადგენდა, რაც დღეს შემცირებულია. ვფიქრობ, ციფრების შედერება მარტივია. მცირდება შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველასთვის, მათ შორის - მინისტრებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურებაში შედის სამი ნაწილი: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი. კანონმდებლობა პრემიის არსს არ განსაზღვრავს, მაგრამ პრემიერმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება. არ შეიძლება ყოველ თვე პრემია მიიღო", - განაცხადა ნორად ხადურმა.
ფინანასთა მინისტყრის ინფორმაციით, წელიწადში ერთხელ პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მინისტრისთვის პრემიის მოცულობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ მინისტრმა რაიმე განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა.
პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. ასევე, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.