ჯანდაცვის მინისტრს, ქვეყანაში უამრავი გაჭირვებულის ფონზე, ათასებში გამოხატული ხელფასები უხერხულობის განცდას უქმნის. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საქართვცელოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, მინისტრების შემოსავალი რეალურად წლების განმავლობაში 10-12%-ით ნაკლები იყო, თუმცა პრემიების განაწილება არარაციონალური განსაზღვრებებით ხდებოდა.
"ძირითადად პრემიების განაწილება სუბიექტურად ხდებოდა. ქვეყანაში ასეთი სოციალური ფონის გათვალისწინებით ხელფასის საერთო მაჩვენებლის გაზრდა მართალია უხერხულია, მაგრამ რეალურად ეს არის 10%-ით შემცირება, რაც მისასალმებელია. ასევე ეს საკითხი გარკვეულ რაციონალურ კანონზომიერებას ექვემდებარება, რაც ასევე მისასალმებელია. მაქვს უხერხულობის განცდა, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებულია და ხელფასები ათასებში გამოიხატება, თუმცა ჯამურად თანხები 10-12%-ით შემცირდა და ეს თანხა პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. ასევე, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.