1993 წლის მარტში სოხუმის აღების მცდელობისა და აფხაზეთის დედაქალაქზე განხორციელებული შეტევის 20 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 1993 წლის 15-18 მარტის სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, დევნილ თანამემამულეებს წერილით მიმართა, რომლის ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ძვირფასო თანამემამულენო,
ბევრი ტკივილი და განსაცდელი ახსოვს სრულიად საქართველოს მრავალჭირნახულ მიწას, მაგრამ მარცხს მუდამ თან ახლდა მომავლის იმედი, გამარჯვებისაკენ სწრაფვა და მისი მიღწევით გამოწვეული სიამაყე და სიხარული.
20 წელია საკუთარ კარ-მიდამოს მოწყვეტილებს გვითენდება დევნილობაში, 20 წელია სანთლებს ვუნთებთ აფხაზეთში გაუპატიოსნებელ მიცვალებულებსა და უჭირისუფლო საფლავებს, ეთნიკური წმენდის უდანაშაულო მსხვერპლთ. მიუხედავად ამისა ღრმად გვწამს, რომ აფხაზეთში 1992-93 წლებში დატრიალებულ ტრაგედიას გადაფარავს ის ბედნიერი დღე, როდესაც აფხაზეთში დაბრუნდება მისი ძირძველი მოსახლეობა, კვლავ ყვავილებით შეიმკობა მამა-პაპათა საძვალეები, გაპატიოსნდება ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა საფლავები. ამის მყარ იმედს გვისახავს უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ჩვენი დევნილი თანამემამულეების მიერ შენარჩუნებული მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პატრიოტული შემართება, ზნეობა, ღირსება, ფსიქოლოგიური და სულიერი წონასწორობა. ამ უალტერნატივო სულისკვეთებას გვიმყარებს 1993 წლის 15-18 მარტს ქ.სოხუმის მისადგომებთან მდ.გუმისთაზე ჩატარებული თავდაცვითი საბრძოლო ოპერაცია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა როგორც ქართული სამხედრო აზროვნების ბრწყინვალე გამარჯვების, მაღალი პროფესიონალიზმისა და სამხედრო ხელოვნების ნიმუში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მებრძოლების სიმამაცის, სამშობლოსათვის თავდადების, უსაზღვრო პატრიოტიზმისა და მისაბაძი გმირობის მაგალითი.
ჩვენ მუხლს ვიდრეკთ 15-18 მარტის სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ვაჟკაცების წინაშე, რომლებმაც სამშობლოს სამსხვერპლოზე უყოყმანოდ მიიტანეს საკუთარი სიცოცხლე. ჩვენი მეომრების მიერ გამოჩენილი უპრეცედენტო სიმამაცე და შეუპოვრობა თვით რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალიტეტმა, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა შეაფასეს როგორც ქრესტომათიული, სამხედრო სახელმძღვანელოებში შესატანი სამაგალითო სამხედრო ოპერაცია. ეს გახლავთ ჩვენი დიდი წინაპრების გმირული და მებრძოლი გენის გაელვება, რამეთუ ისინი ერთიანობითა და ჭირთამძლეობით იყვნენ ქებულნი უმძიმესი განსაცდელის ჟამს, სწორედ ამით აკვირვებდნენ მტერს და აღწევდნენ გამარჯვებას.
ჩვენ ქედს ვიხრით და პატივს მივაგებთ ათასობით სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლს, უგზოუკვლოდ დაკარგულ, წამებით დახოცილ, მშვიდობიან მოსახლეობას.
ძვირფასო თანამემამულენო, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გარდა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა რეალიზაციისა და სახელმწიფოს ნების აღსრულებისა, ცალსახად მოითხოვს ჩვენი საზოგადოების აუცილებელ კონსოლიდაციას, აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზაციას, დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებას და ამ საკითხების აყვანას სახელმწიფო პოლიტიკის განსაკუთრებულ რანგში და ამ პროცესებში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მონაწილეობის და პასუხისმგებლობის ხარისხის ამაღლების აუცილებლობას.
ერთად დავდგეთ ერი და ბერი. მხოლოდ იმედი, მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ზრუნვა, მომავალ ურთულეს გამოწვევებზე ადექვატური პასუხის გაცემა და მშობლიურ კერამდე გზის გაკაფვა, დიდი სიძნელეების გადალახვა და სრულიად საქართველოს გამთლიანება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის საზრუნავი ცალ-ცალკე და ერთად. მოვიკრიბოთ ძალა, ყოვლისშემძლე მამაპაპისეული გენი გავაღვიძოთ და პირნათლად მოვიხადოთ ვალი მამულის, წინაპართა ხსოვნის, ჩვენი მომავლის წინაშე.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - ნათქვამია მიმართვაში.