მუნიციპალიტეტებში ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა შეიქმნება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში".
პროექტის მიზანი ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის საშუალებით მუნიციპალიტეტის ეფექტური მმართველობის ხელშეწყობაა.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის იუსტიციის სახლში, შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საპილოტე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლებმა.
ასევე, თვითმმართველობის ექსპერტებმა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციიდან და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციიდან.
შეხვედრას სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი უძღვებოდა. პროგრამული უზრუნველყოფის პილოტირება დაგეგმილია გარდაბნის, გურჯაანის, ხაშურის, თეთრიწყაროს, ქარელისა და ხობის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში 10 ყველაზე მოთხოვნადი სერვისის შესწავლა მოხდება და მათი შესაბამისი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შექმნა. ეს სერვისებია, – ფულადი სოციალური დახმარება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პიროებების დადგენა, სამშენებლო პროექტის შეთანხმება, სამშენებლო ნებართვის გაცემა, შენობის ლეგალიზება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწაროება, ქონების პრივატიზაცია, ინფრასტრუქტურის მოწყობა, რწმუნებული მომსახურება, მოქალაქის პრიორიტეტები.
აღნიშნული ელექტრონული სისტემის ძირითადი დანიშნულება იქნება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მასზე დაყრდნობით სტატისტიკური ანგარიშების მომზადება, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყებების მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ელექტრონულად მოპოვებისა და დოკუმენტების ელექტრონული მართვის საშუალებების შექმნა. ეს კი საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის ადამიანურ და დროით რესურსს დაზოგავს, რითაც მოქალაქეების მომსახურების პროცესს გააუმჯობესებს.