საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში ცოტაა ისეთი ადამიანი , ვინც საკანონმდებლო პროცედურებში კარგად ერკვევა. ამის შესახებ გოგა ხაჩიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"უმცირესობაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც კარგად შეუძლიათ კანონპროექტის მომზადება, საპარლამენტო პროცედურების ცოდნისთვის არ არის აუცილებელი იყო იურისტი. ხათუნა გოგორიშვილი პროფესიით ბიოლოგია, თუმცა არ მეგულება ადამიანი, რომელიც მასზე უკეთ ერკვევა რეგლამენტში", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.
მან დღესვე 19 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აქცია იქნება მასშტაბური და მისი მონაწილეები რუსთაველზე სხვადასხვა მიზეზებით შეიკრიბებიან.
"მოქალაქეების ნაწილი აქციაზე მივა იმიტომ, რომ სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს, ვიღაცა მოვა იმიტომ, რომ აგრარულის ამბებს გააპროტესტებს, ზოგი კი ხაბურძანიას საქართველოში ჩამოსვლას და ზოგიც "ერისიონის" რუსეთში ცეკვას", - აცხადებს გოგა ხაჩიძე.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაამტკიცოს რომ საქართველოში არის რეალური ოპოზიცია.
"ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ მივდივართ რუსეთისკენ, იმ დაწყევლილ ბუნაგში, საიდანაც ძნელი არის ქვეყნის ამოთრევა", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.