ინტერნეტ-გამოცემა TS-პრესის მთავარი რედაქტორი ელისო ჯანაშია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
როგორც დღეს ბიძინა ივანიშვილისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანაშიამ განაცხადა, ეკა ბესელია განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობს და ამასთან დაკავშირებით პრემიერის მხრიდან გაბრაზება მისთვის გასაოცარია.
"ბესელიამ გააკეთა განცხადება, თითქოს ჩემი ძმის გამო რაღაცას ვთხოვდი, თუმცა პირიქით იყო შემოთავაზება. მე პირადად შემომთავაზა მისი პიარჯგუფის ხელმძღვანელობა, რაზეც უარი მიიღო. მან თავისი ნათესავი პოლიციის უფროსად დანიშნა, მოადგილის თანამდებობა არისო და იქნებ შეიტანონ CV-ო, რაზეც უარი მიიღო. ჩემს ძმას იქ ჩV არ შეუტანია. რეკომენდაციას ალბათ რაღაცის სანაცვლოდ სთავაზობდა. მე ვარ ჟურნალისტი და ეს არაფერში მჭირდებოდა, ამაზე ვთქვით უარი", - აცხადებს ჯანაშია.
მისი ინფორმაციით, ყველა რეკომენდაციაზე ეკა ბესელიასთან მიდიან, თუმცა მის ძმას არ სურდა, ბესელიას მისთვის რეკომენდაცია გაეწია.
როგორც ჯანაშია ამბობს, ეს არ შეიძლება, ეს არ არის თვითმმართველობის პრინციპი და ეს არის ის, რასაც აკეთებდნენ ახალაია და გოროზია.
მისივე თქმით, კულუარებში ხდება შეხვედრებით გადაწყვეტილებების მიღება და არც ერთი პროცესი გამჭვირვალე არ არის.
"პოლიციის უფროსი, რომელიც დანიშნა, ბესელიას ნათესავია, დანარჩენები კი მისი გუნდის წევრები არიან, რომლებიცარჩევნების პერიოდში მის გვერდით იყვნენ. მათ კომპეტენციაში ეჭვი შემაქვს, რადგან არანაირი გამოცდილება არ აქვთ, ქუჩიდან მოყვანილები არიან, რადგან ბესელიას ნდობით არჭურვილი პირები არიან", - დასძინა ელისო ჯანაშიამ.
თავის მხრივ ეკა ბესელია "წუხს, რომ ჟურნალისტი თავს უფლებას აძლევს, იჭორაოს და ცრუ ინფორმაციები საჯაროდ გაავრცელოს". როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტისგან არის ეს უხერხული, რომელსაც მასთან აქვს პირადი კომუნიკაცია და ხშირად ჰქონია შესაძლებლობა, მასთან ესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე და მისი აზრიც მოესმინა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტიკა ზოგს ჭორაობა ჰგონია და ძალიან შორს არის პროფესიული და ეთიკური სტანდარტებისგან. დღეს, თუ ვინმეს აწუხებს ამ ქალაქში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, ალბათ, იმათ, ვისაც არ უნდა ფოთისთვის უკეთესი, რადგან მე ვარ დეპუტატი, რომელსაც ფოთის ამომრჩეველმა მანდო საკუთარი ხმა. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონი ელისო ჯანაშიას ძმა იყო ჩემთან მოსული და ითხოვა, თუ არ ვცდები დაცვის სამსახურის უფროსად დანიშვნა. მე მას ვუთხარი, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამას წყვეტს შსს მინისტრი და ასეთ საკადრო საკითხებში მე არ ვერევი. თუ ის ამის გამოა განაწყენებული, მე ჩავთვლი, რომ ეს არის მისი პირადი დამოკიდებულების გამოხატვა საჯაროდ. სხვათა შორის, მან მერიაში ითხოვა, რომ დაფინანსებულიყო მისი ოჯახის წევრის მკურნალობა. თუ არ ვცდები, დედა ჰყავს ავად და სჭირდება მხარდაჭერა. მე ვუთხარი, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, კანონიერად გადაწყვიტოს მერიამ თუ საკრებულომ ეს საკითხი. ვიცი, რომ დოკუმანტიციის სრულყოფის კუთხით, რაღაც პრობლემები იყო. მე ამას ვაბრალებ, რაღაც პირად მოტივაციას. თუმცა ძალიან მიკვირს, რადგან ბოლოს, ერთი თუ ორი საათი ვისაუბრეთ ქალაქის საჭირბოროტო საკითხებზე და აღფრთოვანებული დარჩა იმ იდეებით და პროგრამით, რომელიც მქონდა ქალაქთან დაკავშირებით", - განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე, ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ ივანიშვილთან შეხვედრაზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას "შეუზღუდავ ძალაუფლებაზე" და "მისი რეკომენდაციით დანიშნული ხალხის შესახებ" ისაუბრა.
ივანიშვილმა კი ჟურნალისტს მიმართა, რომ თუ კი მას აქვს ფაქტი, რომელიც ბესელიას განცხადებას დაადასტურებს ფოთის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ის პარტიიდან და გუნდიდან გაირიცხება.
ამის შემდეგ კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს, რადგან ბესელიამ ამასთან დაკავშირებით პირად საუბარში თქვა.