პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ტერმინები "ოკუპაცია" და "სეპარატისტული" აბსოლუტურად ობიექტურია და მათი გამოყენება მოხდება მანამდე, სანამ არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება.
როგორც ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რუსეთის მთავრობას ხვალვე რომ გაუჩნდეს სურვილი, ყველაფერი დაბრუნდეს ისე, როგორც იყო, ეს პოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც ძალიან დიდი დროს მოითხოვს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა პრობლემის გადაჭრას მოთმინებით, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება.
"ჩვენ იმ ტერმინებს ვიყენებთ, რაც რეალობაა. ის, რომ იქ გახსნილია საელჩოები და დგას ჯარის ნაწილები, გასაგებია რაც არის. ის, რაც 2008 წელს და წინა წლებში მოხდა და როგორც განვითარდა პროცესები, ხუთ წუთში ვერ შეიცვლება. მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს, რუსეთისთვის მიუღებელი და გამოუყენებელია. ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ შექმნილი მდგომარეობა რუსეთის უსაფთხოებისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ ხვალაც რომ გაუჩნდეს რუსეთის მთავრობას სურვილი, ყველაფერი დააბრუნოს და დაბრუნდეს ისე, როგორც იყო, პოლიტიკურადაც და ტექნიკურადაც ეს ძალიან დიდი დროს მოითხოვს" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, არ სურს, რუსეთის სისტემასა და პირველ პირებს კრიტიკულად მოეკიდოს, თავს გასაგები მიზეზების გამო იკავებს და ვითარების გამოსწორებას დიპლომატიური მეთოდებით შეეცდება.
"ჩვენ რიტორიკის მაგალითი გვაქვს, რამაც მოიტანა ის, რომ გამოყარეს ჩვენი მოქალაქეები რუსეთიდან და საზღვრები ჩაკეტეს. ერთი სული აქვთ ჩვენს ოპონენტებს, ვაგინოთ რუსეთს, რაც არ მოხდება. ვაპირებ მოვიქცე ფრთხილად და დიპლომატიურად" - აღნიშნა ივანიშვილმა.