იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.
თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ ინტერესისათვის, რომელსაც ევროპული მედია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იჩენს.
მინისტრმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში დაგეგმილი სამართლებრივი რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლის მთავარი თემები იყო - ცვლილებები იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესში, "საერთო-სასამართლოების შესახებ" კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, შრომის ახალი კოდექსი, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია.
იუსტიციის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს კი, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც გერმანული მედიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ გერმანიაში დიდი ინტერესია. ამიტომ, იგეგმება იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შესახებ სტატიების გამოქვეყნება გერმანულ მედიაში.
გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების" (GIZ) მიწვევით იმყოფებიან.
ისინი უკვე შეხვდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.