ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ცხინვალიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავების წერილი გადასცეს.
როგორც ოსური მედია წერს, ამის შესახებ ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, ეუთო-ს წარმომადგენელმა, ანდრეი დეშიცამ ცხინვალში, თანათავმჯდომარეების მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, წერილი საქართველოს მთავარ პროკურატურას 12 მარტს გადასცეს, სადაც წერილის ავტორები მათი ახლობლების ბედის გარკვევაში დახმარებას საქართველოს მთავარ პროკურორს სთხოვენ.
"აღნიშნული მიმართვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში განხილვის სტადიაშია. ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი ყურადღებით იქნება შესწავლილი. ჩვენ ასევე შევთავაზეთ იდეა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების შეხვედრა შედგეს ",- განაცხადა ანდრეი დეშიცამ.
მანვე ხაზი გაუსვა ქართულ ციხეებში მყოფი ცხინვალის მკვიდრების გათავისუფლების საკითხში პროგრესს.