აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის დაბრუნების საკითხში დახმარებას სთხოვენ.
ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძემ, სრულმა პროფესორმა ტატო გაბისონიამ და პროფესორმა დავით ბედოშვილმა განაცხადეს.
როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ის მოვლენები, რომელიც უკანასკნელ ხანებში აგრარულ უნივერსიტეტში განვითარდა, არასწორია და ეს უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციის ჩამორთმევას არ იმსახურებს.
"ჩვენს თვალწინ მოხდა მეტამორფოზა ამ უნივერსიტეტში, სწავლების იმ დონეს შორის, რაც დღემდე იყო და რაც ახლაა, შედარება არ შეიძლება. აგრარულ უნივერსიტეტში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი მაღალ დონეზე მიმდინარეობდეს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ავტორიზაციის ჩამორთმევას არ იმსახურებს, ამიტომ ვთხოვთ ავტორიზაციის საბჭოს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მისცეს უნივერსიტეტს საშუალება თავისი საქმიანობა გააგრძელოს. ასევე, ვთხოვთ პრემიერს და მთავრობას ამ საკითხში ჩარევას", - განაცხადა კაციტაძემ.
პროფესორები აღნიშნავენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება განცხადება იმის შესახებ, რომ აგრარული უნივერსიტეტიდან 600-ზე მეტი სტუდენტი ფინანსური დავალიანების გამო გაირიცხა, მათი თქმით, აღნიშნული სტუდენტების გარიცხვის მიზეზი აკადემიური ჩამორჩენა იყო.