1921 წლის კონსტიტუციის მიღების წლისთავთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ექსპოზიციისთვის თემატურად შერჩეულ ფოტოებზე ასახულია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული მოვლენები.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, სიმბოლურია ის, რომ პირველი ოფიციალური გამოცემა კონსტიტუციის ქალაქ ბათუმში მოხდა.
"1921 წლის კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი ისტორიისთვის იმიტომ, რომ ის იყო იმ პერიოდში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე უფო მოწინავე კონსტიტუცია მთელ მსოფლიოში, ეს დაბეჯითებით შეგვიძლიათ ვთქვათ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისევე, როგორც მთელმა საზოგადოებამ იცოდეს ამ კონსტიტუციის ძირითადი დებულებები. ის იყო გარკვეული გვირგვინი 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული ისტორიის", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
გამოფენის შემდეგ, გიორგი პაპუაშვილმა ბათუმის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივ ასპექტებზე. შეხვედრაზე სიტყვებით გამოვიდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.