რეგიონული განვითარების სამინისტრო სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპს იწყებს. ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დავით ნარმანიამ მთავრობის ახალი პროექტის - "მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მინისტრის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანამშრობლები, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებენ ტრენინგებს სოფლის რწმუნებულებისთვის, რომლებმაც ადგილებზე სოფლის კრებები უნდა ჩაატარონ. სოფლის კრებების ჩატარების თარიღები გამოქვეყნდება წინასწარ და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციას შეეძლება, აწარმოოს პროგრამის მონიტორინგი. ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროგრამა მეხუთე წელია ხორციელდება, თუმცა, მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
"მნიშვნელოვანია ისიც, რომ მკაცრად გაკონტროლდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული სამუშაოების შესრულება. ამ მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოების სისტემატურ მონიტორინგს აწარმოებს", - აცხადებს ნარმანია.
მისივე თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად. მათ შორის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისა და სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად.