"ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტი თავს უფლებას აძლევს, იჭორაოს და ცრუ ინფორმაციები საჯაროდ გაავრცელოს", - ამის შესახებ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტისგან არის
ეს უხერხული, რომელსაც მასთან აქვს პირადი კომუნიკაცია და ხშირად ჰქონია შესაძლებლობა, მასთან ესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე და მისი აზრიც მოესმინა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტიკა ზოგს ჭორაობა ჰგონია და ძალიან შორს არის პროფესიული და ეთიკური სტანდარტებისგან. დღეს, თუ ვინმეს აწუხებს ამ ქალაქში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, ალბათ, იმათ, ვისაც არ უნდა ფოთისთვის უკეთესი, რადგან მე ვარ დეპუტატი, რომელსაც ფოთის ამომრჩეველმა მანდო საკუთარი ხმა. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონი ელისო ჯანაშიას ძმა იყო ჩემთან მოსული და ითხოვა, თუ არ ვცდები დაცვის სამსახურის უფროსად დანიშვნა. მე მას ვუთხარი, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამას წყვეტს შსს მინისტრი და ასეთ საკადრო საკითხებში მე არ ვერევი. თუ ის ამის გამოა განაწყენებული, მე ჩავთვლი, რომ ეს არის მისი პირადი დამოკიდებულების გამოხატვა საჯაროდ. სხვათა შორის, მან მერიაში ითხოვა, რომ დაფინანსებულიყო მისი ოჯახის წევრის მკურნალობა. თუ არ ვცდები, დედა ჰყავს ავად და სჭირდება მხარდაჭერა. მე ვუთხარი, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, კანონიერად გადაწყვიტოს მერიამ თუ საკრებულომ ეს საკითხი. ვიცი, რომ დოკუმანტიციის სრულყოფის კუთხით, რაღაც პრობლემები იყო. მე ამას ვაბრალებ, რაღაც პირად მოტივაციას. თუმცა ძალიან მიკვირს, რადგან ბოლოს, ერთი თუ ორი საათი ვისაუბრეთ ქალაქის საჭირბოროტო საკითხებზე და აღფრთოვანებული დარჩა იმ იდეებით და პროგრამით, რომელიც მქონდა ქალაქთან დაკავშირებით", - განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე, ფოთელმა ჟურნალისტმა, ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ ივანიშვილთან შეხვედრაზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას "შეუზღუდავ ძალაუფლებაზე" და "მისი რეკომენდაციით დანიშნული ხალხის შესახებ" ისაუბრა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ფოთში ყველაფერს ბესელია აკონტროლებს, მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობებზე ადამიანები და ამას არც თავად დეპუტატი უარყოფს, ერევა ასევე საბიუჯეტო პროცესებში.
ივანიშვილმა კი ჟურნალისტს მიმართა, რომ თუ კი მას აქვს ფაქტი, რომელიც ბესელიას განცხადებას დაადასტურებს ფოთის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ის პარტიიდან და გუნდიდან გაირიცხება.
"თუ თქვენ ფაქტები გაქვთ, სადაც ბესელია აბობს, რომ მას ჩააბარეს ფოთი, ეს საკმარისი იქნება და პარტიიდან გაირიცხება. თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, რომ ბესელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა მას ფოთი ჩააბარა, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდად გაირიცხება. როგორ შეიძლება ეს? ეს ამაზრზენია, როგორ შეიძლება, მე თავს უფლება მივცე, ბესელიას ეს ვუთხრა და მან ეს თქვას. ეს წარმოუდგენელია. თუ თქვენ გაქვთ ფაქტები, მე აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას როგორც ლიდერი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამის შემდეგ კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს, რადგან ბესელიამ ამასთან დაკავშირებით პირად საუბარში თქვა.