პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, აგრარული უნივერსიტეტის ქონება კახა ბენდუქიძეს ერთ ლარად გადაეცა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ერთ ლარად აქვს ნაჩუქარი ბენდუქიძეს 200 მილიონიანი ქონება და თუ რატომ, ეს კითხვა არსებობს. ამ ქონების საფასური ინვესტიციები არ ჩანს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ბენდუქიძე, როგორც ყოფილი ხელისუფლების პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელი, კანონის სივრციდან იყო გასული.
"თურმე აგრარული უნივერსიტეტი არის საუკეთესო ბენდუქიძის პირობებში. მე რამდენადაც ვიცი, აგრარული სექტორი იქ ძალიან დაკნინდა. ბენდუქიძე იყო პირველი იდეოლოგი, რომლის იდეოლოგიის შედეგია, რომ განადგურდა ქართული სოფელი, ვის უზრდის კადრებს ბენდუქიძე? ეს კითხვები უნდა დასვას საზოგადოებამ.
კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, მას ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. მართალია, წინა ხელისუფლებამ საშუალო და მცირე დონეზე კორუფცია მოსპო და ამას არ ვუარყოფ, მაგრამ პრივილეგირებული კლანი დარჩა, რომლის წარმომადგენელიც იყო კახა ბენდუქიძე. მათთვის ცალკე კანონები იწერებოდა და ისინიც სხვანაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ კანონებისადმი. კანონს პირველ რიგში, პირველმა პირებმა და მთავრობამ უნდა სცეს პატივი და მერე მოითხოვოს სხვებისგან. მათ შემთხვევაში ხდებოდა პირიქით. აქედან გამომდინარე, კანონის სივრციდან გასულმა ხალმა კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს სახელმწიფოს", - დასძინა ივანიშვილმა.