პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით სტუდენტების გააქტიურება მართული პროცესია.
"გიორგი მარგველაშვილმა ძალიან მთხოვა, რომ ამ თემაზე ანალიზი არ გამეკეთებინა, მაგრამ მე ამის სურვილი გამაჩნია. ეს კაცი არის ინტელიგენციის ის წარმომადგენელი, რომელზეც სწორება უნდა გავაკეთოთ და ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ გვყავს ასეთი ხალხი. მარგველაშვილი არის საჩვენებელი მინისტრი ჩემთვის. ნახეთ მისი დამოკიდებულება - დაუძახეს სტუდენტებმა, მივიდა უნივერსიტეტში, შეხვდა ყველას, აუხსნა მდგომარეობა და დაპირდა, რომ კანონის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით დადგებოდა. შეთანხმების შემდეგ კი მეორე მხრიდან წამოვიდა ისევ ულტიმატუმი _ "უპირობოდ". ეს "უპირობობა" რაღაცას ჰგავს. სტუდენტები ჩემთვის ყოველთვის განიხილება უკეთესი მომავლისკენ, თავისუფლებისკენ, სამართლიანობის აღდგენისკენ სწრაფვის სიმბოლოდ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები შეძლებენ ამ სიმბოლოს პატივი სცენ და არ მოემსახურონ ვიღაცის იდეოლოგიას და ინტერესებს. ეს მათი ქვეყანაა, მათ უნდა შექმნან მომავალი. არ მგონია, რომ "უპირობობა" სტუდენტების პოზიცია იყოს. მე თხოვნა მექნება სტუდენტებისადმი, რომ გაანალიზიონ სიტუაცია და ნუ ჩადგებიან ვიღაცის სამსახურში. მინდა მათ ისიც ვუთხრა, რომ არც ერთი სტუდენტი არ დაზარალებდა ამ შემთხვევით. ყველას ექნება ის პირობები, რაც ჰქონდა და კიდევ უკეთესი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეკითხვა, თუ რატომ დაიწყო შემოწმება უშუალოდ აგრარული უნივერსიტეტიდან, მან გიორგი მარგველაშვილს პირადად დაუსვა და როგორც გაარკვია, აღნიშნულის მიზეზი არის მარტივი.
"თავად ამ უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულმა პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ისინი უკანონოდ დაითხოვეს, დაწერეს საჩივარი. სწორედ ამიტომ შევიდა იქ კომისია, ნახა დარღვევები, ამ დარღვევებზე მიუთითა, თვენახევრის განმავლობაში ხდებოდა ინფორმაციების გაცვლა კომისიასა და უნივერსიტეტს შორის, მაგრამ საბოლოოდ შენიშვნების ძალიან დიდი ნაწილი არ გამოასწორეს. იქ არის კანონიერი მოთხოვნები და ყველამ უნდა ინებოს და პატივი სცეს საკუთარ კანონს და სახელმწიფოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, მთავრობას არ აშინებს სტუდენტების აქციები, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
"ჩვენ არ გვეშინია მიტინგების, მით უმეტეს სტუდენტების, რამეთუ სუფთა ხელები გვაქვს, მით უმეტეს მარგველაშვილს. მიტინგების ცეცხლივით ეშინია სააკაშვილს, თუმცა გუშინდელი დღე _ საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში, არ მომეწონა. გარწმუნებთ, ყველაზე დიდი ძალისხმევა დავხარჯე მარგველაშვილზე, რომ მომეყვანა ხელისუფლებაში, არ უნდოდა მინისტრობა. ეს ადამიანი დღე და ღამე მუშაობს. ნახეთ როგორ იქცეოდა, ამას ფასი უნდა დაედოს. სხვათა შორის, მარგველაშვილი ნაწყენია და ობიექტურადაც, რომ განათლების კომიტეტს და უმრავლესობას ხმა არ ამოუღია და "ფეისბუქზეც" კი არ დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები", - განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებებსაც გამოეხმაურა და მას უპასუხისმგებლო უწოდა.
"უფლებადამცველებმა განცხადებები გაავრცელეს, რომ სტუდენტებს დაიცავენ. ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები. ვისგან დაიცავენ სტუდენტებს?", - დასძინა ივანიშვილმა.