პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კობა დავითაშვილი კაზინოებთან დაკავშირებით ზედმეტად აქტიურობს. მისივე თქმით, კაზინოებს დახურვა არ ემუქრება.
"მინდა, გავიხსენო კობა დავითაშვილის ზედმეტი აქტიურობა კაზინოებთან დაკავშირებით. ესეც ფრთხილი საკითხია. გადაწყვეტილება რეკლამასთან დაკავშირებით მიიღეს და ზედმეტი განმარტებები არ გააკეთეს, ბევრი ინვესტორი გაჩერდა. მესმის, რომ კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს, ბევრ პრობლემას ქმნიან და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი განხილვადია. ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ჩემს განცხადებებშიც მინიშნებული მქონდა. ამას კარგი განხილვა უნდა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდება. შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებათ არ ჰქონდეს და ახალგაზრდები მაქსიმალურად არ იყვნენ ჩართულნი და ზედმეტი რეკლამაც არ იყოს მასთან დაკავშირებით", - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მან დავითაშვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა და პირდაპირი ეთერიდან მიმართა, რომ არ მოსწონს, მკვეთრი განცხადებები, რაც ინვესტორებს აფრთხობს. აქვე ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში პარლამენტარებს შეუძლიათ მკვეთრი დამოკიდებულების გამოხატვა, მაგრამ მთავრობა უფრო ფრთხილი უნდა იყოს.
ცნობისთვის, დავითაშვილი პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორია, რომელიც კაზენოებისა და სხვა აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას გულისხმობს. რაც შეეხება თავად კაზინოების აკრძალვის თემას, ის განხილვის საგანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული პეტიციის საფუძველზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე იყო, თუმცა ამ მიმართლებით პარლამენტში კონკრეტული კანონპროქტი ჯერ მომზადებული არ არის.