ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ისრაელის კომპანია "ელენილტოს" წარმომადგენლებს შეხვდა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია "ელენილტო" XIH სალიცენზიო ბლოკზე (საგარეჯოსა და გარდაბანის რაიონების ტერიტორია) ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიას ფლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრს სამოქმედო გეგმა წარუდგინეს, რომელსაც უახლოეს ოთხ წელში საქართველოში განახორციელებენ.
მთავრობასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ ლიცენზია 25-წლიანი ვადით იყიდა და ვალდებულება აიღო სამუშაოებში 41 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
კომპანიამ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოსგან" XIH სალიცენზიო ბლოკზე (საგარეჯოსა და გარდაბანის რაიონების ტერიტორია) ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზია 2012 წლის 5 ივნისს გამართულ ღია საერთაშორისო ტენდერში მოიპოვა. თუმცა, კომპანიასა და სამინისტროს შორის შესაბამისი ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა.
კომპანია "ელენილტო" აქტიურად ჩართულია ნავთობისა და გაზის, რკინის მადნის, ალუმინის მადნის, ოქროს და სხვა ძვირფასი მინერალების მოპოვებითი და კვლევითი სამუშაოების, ასევე უძრავი ქონების ინფრასტრუქტურის განვითარებას პროექტებში აფრიკასა და ევროპაში. საქართველოში ,,ელენილტო" ოპერაციებს შპს ,,ელენილტო ჯორჯიას" საშუალებით განაცორციელებს.
კომპანიის აქციები განთავსებულია NASDAQ-ის, AIM-ისა და TASE-ს საფონდო ბირჟებზე.