ისნის რაიონის გამგებლად მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თორნიკე ხუციშვილი დაინიშნა. თბილისის მერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ახალი გამგებელი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარუდგინა.
უგულავას აზრით, მნიშვნელოვანია ახალი ადამიანის წარმოჩენა, რომელიც უფრო მეტი ყურადღებით მოისმენს ყველა პრობლემას.
"ის ამ უბანში ცხოვრობს, იცნობს რაიონს და ახლა კიდევ უფრო მეტს გაიგებს. მთავარია რომ იაროს, შეხვდეს ხალხს, დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში. გამგებლის მთავარი საქმე არის ის, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება რაიონში არსებულ პრობლემებზე", - აღნიშნა თბილისის მერმა.
გიგი უგულავამ დღეს ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოებიც დაათვალიერა და იმის შესახებ ისაუბრა, რის გამოც ისნისა და სამგორის რაიონი დაიყო.
მისი თქმით, ისნის რაიონს სხვა სპეციფიკა აქვს, მასში შედის, როგორც კერძო დასახლებები, ისე კორპუსული ტიპის დასახლებები, ამასთან, ის საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრი პრობლემის მქონე რაიონია.
"ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე დაგვეყო და რაიონის ბიუჯეტიც განაწილებული იქნება ისე, რომ გამგეობამ მაქსიმალურად ბევრი პრობლემის მოგვარება შეძლოს და მოქალაქეს არ დასჭირდეს მერიისთვის მიმართვა", - აღნიშნა მან.
გიგი უგულავას თქმით, ამ შემთხვევაში მერიას ზედამხედველის ფუნქცია დაეკისრება, ის გააკონტროლებს რამდენად ოპერატიულად, სწორედ და ადეკვატურად რეაგირებს გამგეობა კონკრეტულ რაიონში.