საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "ევროპის სახალხო პარტიისადმი" ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კომუნიკაციის ყველა ხერხი არის ძალიან კარგი და მისასალმებელი, რადგან კომუნიკაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მხარეებმა ერთმანეთს კარგად გაუგონ.
"ჩვენ გვაქვს იმის განცდა, რომ იმ კონკრეტულ 23 ევროპარლამენტარს აქვს არასწორი ინფორმაცია ძალიან ბევრ რამეზე. თქვენ გახსოვთ ადრეც მათი წერილები, განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. გავიხსენოთ თუნდაც სარეცხი მანქანების, მაცივრებისა და ტელევიზორების თემა, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მათ სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს შესახებ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, როგორც ჩანს, მცირეხნიანი ვიზიტები არ არის საკმარისი და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ყველანაირად შეეცდება, რომ თავისი სიმართლე გააგებინოს იმათ, რომელთაც არასწორი ინფორმაცია აქვთ გარკვეული საკითხების შესახებ.