საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა რანგის დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
როგორც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ გიორგი ხელაიამ განაცხადა, სამინისტრომ მიმდინარე წლის 7 მარტს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით გამოაცხადა ღია კონკურსი.
კონკურსი გამოცხადებულია 19 დიპლომატიურ ვაკანსიაზე, რომელთა ჩამონათვალი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციულ ვებგვერდზეა განთავსებული.
ამ დროისთვის განაცხადი შეტანილი აქვს 428 აპლიკანტს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ განხილვის პროცესშია. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ 21 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და ფლობენ სახელმწიფო ენას, ინგლისურ ენას და კიდევ დამატებით ერთ უცხო ენას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც დღეისთვის ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.
კონკურსი ჩატარდება ორ ტურად. პირველი ტური წერითი გამოცდებია ასარჩევ უცხო ენაში – ინგლისურ და ქართულ ენაში, ხოლო მეორე ტურზე ჩატარდება გასაუბრება. წერითი გამოცდები ჩატარდება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ამასთან, დიპლომატიურ რეზერვში მყოფი პირებისათვის წერითი გამოცდის ჩატარება საჭირო არ არის. ისინი პირდაპირ გასაუბრებაზე გავლენ. გამსვლელი ქულა წერით გამოცდაზე არის 70 ქულა. გასაუბრებაზე დაუშვებენ იმ აპლიკანტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს.