ძირითადი საწყისი, რისი ოპტიმიზმიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით მქონდა, გამართლდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მეზობელ სახელმწიფოსთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის პროცესი დაწყებულია, რასაც ვერავინ შეაჩერებს.
"უკვე დაიწყო რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის აღდგენის ეტაპი. ოპონენტებს ეს აღიზიანებს. მერაბიშვილს უნდა "ერიოსიონს" დემონსტრაცია მოუწყოს იმის გამო, თუ როგორ ჩავიდა რუსეთში. ისინი სასაცილოები ხდებიან. რასაც თვითონ ხელოვნურად ბლოკავდნენ, ბუნებრივად ვითარდება და ამას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინსიტრის განმარტებით, აღნიშნულის პარალელურად, გლობალური საკითხების გადაჭრა, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება, 5 წუთში ვერ მოხდება.
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეგობრული ურთიერთობის დამყარება რუსეთთან ვერ მოხდება 5 წუთში, თუმცა ძირითადი საწყისი, რისი ოპტიმიზმიც გამაჩნდა, გამართლდა. გარწმუნებთ, რომ ვერავინ დაუდგება წინ ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ, ამას უბრალოდ დრო სჭირდება. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. შეყვანა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავით იყო იოლი და ეს ამ კაცმა მოახერხა, მაგრამ აქედან გამოსვლა არის ძნელი", - განმარტა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, საბოლოო ჯამში, "აშშ დარჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობებს, ამავდროულად ნატოშიც შევალთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით, რაც არ უნდა სკეპტიკურად უყურონ ამ პროცესს ოპონენტებმა".
"ყველაფერს ამას მოვახერხებთ და ეს შესაძლებელია, თუ ქვეყანა გიყვარს", - დასძინა ივანიშვილმა.