საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან რესტორან "მანდარიში" არაფორმალურ შეხვედრას მართავს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ის როგორც ევროკავშირის ელჩებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს ძალიან ხშირად ხვდება, თუმცა დღევანდელი არაფორმალური შეხვედრა არის პირველი.
"ეს შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მარტში ჩვენ ვამთავრებთ მუშაობას ასოცირების შეთანხმების ტექსტზე, რომელიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონასაც და სწორედ პრობლემატიკის შესახებ ამ ტექსტის დამთავრების და მომავალი ნაბიჯების შესახებ უნდა ვისაუბრო ევროკავშირის ელჩებთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, მონაცვლეობით ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები ელჩებთან ძალიან კარგი გზაა იმისათვის, რომ ყველაფერი რაც არის სათქმელი მიიტანონ ელჩების ყურამდე.
"განსაკუთრებით იმ სიტუაციაში მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ჩვენი საკუთარი ელჩები ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ არ გვყავს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.