თბილისში, 15-17 მარტს "ქურთული კულტურის დღეები საქართველოში" ჩატარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ქურთული კულტურის დღეები "საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით იმართება.
ღონისძიების ფარგლებში გამოფენა მოეწყობა, რომელიც ქურთული რადიოს (პირველი საზოგადოებრივი რადიოს მაუწყებელი) მუშაობის 35-ე წლისთავს, ქურთულ სახალხო თეატრსა და ანსამბლებს ეძღვნება.
ქურთული სახალხო თეატრი 1979 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის სცენაზე იდგმებოდა სპექტაკლები ოთარ იოსელიანის, იური ვიზბორის, გიორგი ხუგაევის და სხვა მწერლების ნაწარმოებების მიხედვით.
ქურთული რადიო რონკაი (განთიადი) 1978 წელს დაარსდა. მიმდინარე წლის 29 სექტემბერს რადიო დაარსებიდან 35-ე წლის იუბილეს აღნიშნავს. მის ეთერში გადიოდა არაერთი გადაცემა ცნობილ მოღვაწეებზე, პოლიტოკოსებზე, სპორტსმენებზე.
ქურთული კულტურის დღეეების გახსნა საზეიმო ვითარებაში 15 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება და 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამაზ ავდალიანი, ნაციონალური უმცირესობების ენაზე მაუწყებლობის გენერალური პროდიუსერი ზურაბ დვალი, კულტურის ცენტრ "იმედის" ხელმძღვანელი დოდო ჩაჩავა და აღმოსავლეთმცოდნე, ქურთული რადიო "რონკაის" რედაქტორი ქარამ ანყოსი.
16 მარტს, 17:00 საათზე, კი კავკასიურ სახლში ქურთი პოეტების ზინაიდა ჯავოევას, ქარამ ანყოსის და გრიგოლ კაკლიანის კრებულების პრეზენტაცია გაიმართება.