ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს , მოსანათლი ჩვილების სიმრავლის გამო, ნათლობა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 400 ჩვილი გახდება. ნათლობისთვის რეგისტრაცია სულ 800-მა პატარამ გაიარა. მეორე ეტაპისთვის ნათლობის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. მონათლულებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა, სანთლები და სახარება გადაეცემათ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 13 912 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან. 25-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 17 დეკემბერს, ბარბარობას გაიმართა, როდესაც პატრიარქის ნათლული 920 ჩვილი გახდა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.