ეს ძირითადად პატარა ქვეყნების პრობლემაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მხოლოდ პატარა ქვეყნების არ ყოფილა, აგერ საფრანგეთსაც გაუჩნდა იგივე განცდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე საუბრისას.
„კუშნერმა წერილით მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს, სადაც აღნიშნა, რომ ანტისემიტურმა განწყობებმა მოიმატა საფრანგეთში, ეს იღებს ცუდ ხასიათს და საფრანგეთმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ამ ანტისემიტური გამოხტომების საწინააღმდეგოდ.
მას არც ანტიფრანგული რამე დაუფინანსებია, არც რადიკალებს შეხვედრია საფრანგეთში, რომლებიც არეულობის შეტანას ცდილობენ ფრანგულ პოლიტიკაში და არც რაიმე მსგავსი, უბრალოდ ანტისემიტიზმის აღკვეთისკენ და მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა. ესეც კი პირდაპირ ჩაითვალა საშინაო საქმეებში ჩარევად.
ჩვენ რა განწყობაზე უნდა ვიყოთ, როდესაც აქ რაიმე ტიპის განცხადებებზე კი არ არის საუბარი, პირდაპირ რადიკალების დახმარებაზეა საუბარი. პირდაპირ მივუთითებთ, რომ ისინი რა გრანტებსაც გადასცემდნენ ამ რადიკალებს გამოყენებულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში საქართველოში, არეულობის შემოტანას ადა რევოლუციის დაფინანსებაში.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი და იმედიც, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი, რომელიც ჩამოვიდა, ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე, თუ ის რეალურად უჭერს მხარს სხვა ქვეყნებში ჩაურევლობის საკითხს, გავრცელდება საქართველოზეც და ასე დაბალ ღობედ, მეორეხარისხოვან ქვეყნად, სადაც შეიძლება მათმა ელჩებმა განახორციელონ ის, რაც არ შეიძლება საფრანგეთში განახორციელონ სხვა ქვეყნის ელჩებმა, ასე აღარ შეხედავს ამ მოვლენას“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩი უცხო ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის უფლებას თავს არასოდეს მისცემდა. ამ თემაზე მან CBS news-ის ეთერში ისაუბრა, როდესაც საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკულ სტატიაზე ილაპარაკა.