თბილისის საქალაქო სასამართლომ "ციხის ბუნტისა" და წამების ორგანიზების საქმეებზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოში ჯერ პროცესი ახალაიას იმ ბრალდებაზე გაიმართა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და წამების ორგანიზებას გულისხმობს. სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აღნიშნული პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მიხედვით ჯარისკაცების ვარჯიში პროკურატურის მხრიდან აღქმულია წამებად.
"ეს უკვე მესამე აღმკვეთი ღონისძიებაა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ უყენებენ ამდენჯერ პატიმრობას აღმკვეთ ღონისძიებად. სავარაუდოდ, ციხის კარზე მესამე ბოქლომი უნდათ, რომ დაუყენონ ბაჩო ახალაიას. აღნიშნული ბრალდებით, რომელზეც აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, ახალაია აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული პროცესის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე "ციხის ბუნტის" ეპიზოდზე დაიწყო მსჯელობა, რომელშიც ბაჩო ახალაია ასევე ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ციხის ბუნტის" საქმეზეც ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
"ბაჩო ახალაია მეოთხედ დააპატიმრეს, რაც ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ამასთან, ახალაიას პატიმრობის სახით ორი აღმკვეთი ღონისძიება უკვე აქვს შეფარდებული - გასული წლის 9 და 13 ნოემბერს.