რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში ბანკის ვიცე-პრეზიდენტს , ფილიპ ლეროსა და მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორს ლაზლო ლოვეის შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დავით ნარმანიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნო, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და რეგიონული განვითარების კუთხით, დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები, რომელიც საფუძვლად დაედება მომდევნო სამი წლის საქმიანობის დაგეგმვას.
შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი.