თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შესახებ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა ახალ გარემოებასთან დაკავშირებით არსებითი ხასიათის არგუმენტი.
კერძოდ, როგორც ეკა არეშიძემ განაცხადა, მოწმე გაგა მკურნალიძის მხრიდან შეცვლილი პოზიცია არ წარმოადგენს საფუძველს, რომ ბაჩო ახალაიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა დარბაზის მხრიდან. სასამართლოზე დამსწრეების დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამაც მოითხოვა დარბაზიდან გასვლა და პროცესი მის გარეშე გრძელდება.
ამასთან, მოსამართლემ განმარტა, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატებს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა საქმის არსებითი განხილვის დროსაც ექნებათ.