საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის საკითხზე ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების სანაცვლოდ ევაჭრებოდა.
"დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ბოლო დღეებში კიდევ იყო სპეკულაციები, ხომ არ არის ეს შოუ? მინდა განვმარტო, რაზეა საუბარი. ქვეყანაში მიდის ინტენსიური დებატები საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ზეწოლა მიდიოდა ჩემს თანამებრძოლებზე _ ზოგიერთი დეპუტატის შვილი დაიჭირეს და ამის გამო გადაწყვიტა მან ხმის მიცემა; ზოგიერთს დაემუქრნენ, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა არ გატყდა. მერე იფიქრეს, იქნებ რამენაირად მივუდგეთ პრეზიდენტსაცო. იყო ღია შემოთვლები, არა მხოლოდ პარლამენტარების, არამედ დიპლომატების მეშვეობით, რომ მოდით გავცვალოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურის, რეზიდენციის და ასეთი საკითხები საკონსტიტუციო ცვლილებებზეო. კონსტიტუცია და ქვეყნის მოწყობა, საქართველოში დემოკრატიის საკითხი - ეს არის მთავარი, რაზეც უნდა იდგეს საქართველოს მომავალი. პრეზიდენტები, მთავრობები, პრემიერ-მინისტრები შეიცვლებიან, მაგრამ ეს უნდა დარჩეს უცვლელი. შეიძლება, ვიღაცისთვის დაცვის საკითხი პირადი კომფორტი და პრესტიჟის საკითხია, მაგრამ ჩემთვის არ არსებობს პირადი საკითხი, რომელიც შეიძლება დადგეს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას, ამ მეთოდებით კონსტრუქციის მიღწევას მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი გუნდი მხარს დაუჭერს, თუმცა გარკვეული წინაპირობების სანაცვლოდ.
"არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩვენ ვითხოვთ საშუალო და ქვედა რგოლის პირების დევნის, წამების, დაკითხვებზე დაბარების შეწყვეტას. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, პარლამენტი იყოს იქ, სადაც ახლაა – ქუთაისში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, კონსტიტუციაზე სასაუბროდ ის მზად არის, ორშაბათს პრემიერსაც შეხვდეს.
"მზად ვარ, ორშაბათს შევხდე პრემიერ-მინისტრს და კიდევ ერთხელ ვცადოთ, ამომწურავი საუბარი გვქონდეს მთელ რიგ საკითხებზე, ქვეყანაში არის აშკარად ეკონომიკური სტაგნაცია, უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილებს, შეინიშნება პოლიტიკური კრიზისის ნიშნები და არ შეიძლება, ეს არ მაღელვებდეს. ბუნებრივია, არ მინდა რასაც ამდენი წელი რუდუნებით ვაშენებდი, დაინგრეს. ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი", - დასძინა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის მიხედვით, პრეზიდენტმა ეს განცხადება თვითმფრინავში გააკეთა, თუმცა კონკრეტულად სად გაემგზავრა ქვეყნის პირველი პირი, დაკონკრეტებული არ არის.