საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა. პროკურატურის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის მიერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი დოკუმენტები ეხება სხვა მოსამართლეს და არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.
საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობის თავიდან აცილების მიზნით, პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს განასაჯაროოს გამოძიების ზოგიერთი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ ის, რომ ალეკო ალადაშვილის გარდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით სასამართლოში დავას აწარმოებდა მოქალაქე ფრიდონ მაისურაძეც, რომელიც ითხოვდა ბესარიონ ალავიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლება. უზენაესმა სასამართლომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა და განაცხადა რომ ეს გარემოება არ წარმოადგენდა მოსამართლის აცილების საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებისათვის ალექსანდრე ალადაშვილის მიერ პროკურატურისათვის საჩივრით მომართვამდეც ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ გარემოების შესახებ, რომ ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს გააჩნია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი საბუთი, რაც არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით სრულად ვაქვეყნებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013 წლის 28 თებერვლის წერილს, რომელიც გამოთხოვილი იქნა გამოძიების მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავარი პროკურატურა აღნიშნულ წერილს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
უზენაეს სასამართლოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა ნათია ცხადაიამ მოსამართლე ბესარიონ ალავიძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე ისაუბრა.
როგორც უზენაეს სასამართლოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა ნათია ცხადაიამ განაცხადა, 27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და მოსამართლის მაია გიგაურის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით.
ცხადაიას თქმით, აღნიშნული განცხადება ემყარებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმ დროისთვის გამოკვლეული ფაქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზს, ხოლო საკითხის შესწავლა მოხდა ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე.
"საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მეტად საყურადღებო გარემოებები. კერძოდ, ალექსანდრე ალადაშვილმა თავის განცხადებას ბესარიონ ალავიძის დიპლომის ასლთან ერთად დაურთო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაკეთებულია არა უშუალოდ ბესარიონ ალავიძის, არამედ სხვა პირის სახელზე გაცემულ დიპლომთან დაკავშირებით, რომელიც შინაარსობრივად განსხვავებულია და ეხება 2001-2005 სასწავლო წელს, მაშინ როდესაც ბესარიონ ალავიძეს 1995-1998 წლებში აქვს მიღებული განათლება", - განმარტა ცხადაიამ.
მისივე თქმით, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას, რის გამოც უზენაესი სასამართლო საქართველოს მთავარ პროკურატურას რეაგირებას სთხოვს.