თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულთა სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეებად გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ დაიკითხებიან.
დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, თუმცა მტკიცებულებების ნაწილში დაცვის მხარის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება ხელისუფლების წარმომადგენლების სატელევიზიო, ასევე, ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაც, რომელიც საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ გავრცელდა.
გუშინდელ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაზე მოწმის სახით დაეკითხათ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ასევე მისი მოადგილე დავით მღებრიშვილი, გამომძიებლები და პროკურორები.