თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მისი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
ადვოკატების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
ადვოკატებმა შუამდგომლობის არგუმენტად დაასახელეს გარემოება, რომ გამოძიება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებულია, დაკითხული არიან მოწმეები, ასევე აღარ არსებობს ბაჩო ახალაიას მიმალვის საფრთხე, რადგან იგი მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი ნებით წარდგა.
ამასთან, ადვოკატების განცხადებით, ბაჩო ახალაიას ბრალდებებზე ორი სისხლის სამართლის საქმე გაერთიანდა, ორივე საქმეზე კი მას ცალ-ცალკე აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. შესაბამისად დაცვის მხარე მოითხოვს, რომ საქმის გაერთიანებიდან გამომდინარე ერთი აღკვეთის ღონისძიება მოიხსნას, ხოლო მეორე, პატიმრობა - შეიცვალოს გირაოთი.
ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მომხრეები არიან სხვა ბრალდებულებიც. პროცესზე განცხადება გააკეთა აღნიშნულ საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ, რომელმაც მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ გაითვალისწინოს თავდაცვის მინისტრობის დროს ბაჩო ახალაიას მიერ გაწეული საქმიანობა.
"ამ ხნის განმავლობაში ბაჩო ახალაიამ ბევრი საქმე გააკეთა. აწია სამხედრო განათლების დონე. როდესაც ჩინოვნიკები გამოდიან და ვიღაცეების ბენზინგასამართ სადგურებს ივლიან, ამ დროს ბაჩო ახალაიას შექმნილი აქვს სამხედრო მრეწველობა და 7 ათასი კაცი ჰყავს დასაქმებული. ასევე, ბევრი სახელმწიფო საწარმო აქვს შექმნილი და ზოგადად დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო სფეროს განვითარებაში. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
კიდევ ერთი ბრალდებულმა, მე-4 ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა ზურაბ შამათავამ მოსამართლეს ასევე განცხადებით მიმართა და ახალაიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა სთხოვა.
"პროკურატურამ წვრთნა აღიქვა წამებად. ცხინვალში მე ყელში ვარ დაჭრილი და ეს წვრთნა რომ არ მქონოდა გავლილი, დავიღუპებოდი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოს ომის დროს, როდესაც ქვეყნიდან ბევრი გარბოდა, უცხოეთში მყოფი ახალაია ჩამოვიდა და ჩემს გვერდით იბრძოდა", - განაცხადა ზურაბ შამათავამ.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება პროკურატურა. ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა პროცესზე განაცხადეს, რომ ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ საქმეში არსებულმა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გაგა მკურნალიძემ ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც ახალაია დარბაზში დაინახა, რაც ნიშნავს, რომ ახალაიამ მასზე ზეწოლა მოახდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.
პროკურატურის ამ განცხადებას ბაჩო ახალაია დარბაზიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაგა მკურნალიძეც დარბაზში იმყოფება და მოსამართლემ მას დაუსვას შეკითხვები, ჰქონდა თუ არა რაიმე ზეწოლას ადგილი ახალაიას მხრიდან.
ამასთან, ბაჩო ახალაიამ საკუთარი შუამდგომლობის დაკმაყოფილება პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის სასარგებლოდ მიიჩნია.
როგორც ახალაიამ აღნიშნა, იგი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ არის დაკითხული და პროცესებზე მოდის მოუმზადებელი. შესაბამისად, მისი თქმით, თუ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალოს, მეტად მომზადებული მივა სასამართლო პროცესებზე. ასევე ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ბევრი მოწმე, რომელიც არსებითი განხილვისას დაიკითხება, მის საქმეს წაადგება.
ახალაიას ამ განცხადებას პროკურორის მხრიდან შენიშვნა მოჰყვა. როგორც პროკურორმა განმარტა, ბაჩო ახალაიას და მისი ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის მსგავსი განცხადებები პირდაპირ ნიშნავს მოწმეებზე ზეწოლას.
პროკურორის ამ განცხადებას კვლავ გამოეხმაურა ბაჩო ახალაია და განმარტა, რომ მოწმეების უმრავლესობა, რომელიც ბრალდებას ჰყავს, ადასტურებენ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს.
"მოწმეები ადასტურებენ, რომ მე ვიყავი სენაკში. დიახ, მე ვიყავი სენაკში და ვმუშაობდი. მსგავსი ტიპის ჩვენებები აქვთ ამ მოწმეებს მიცემული. მე ვიგულისხმე ის, რომ მოწმეების დაკითხვა არსებითი განხილვის დროს მართლაც დაადასტურებს იმას, რომ მე ვმუშაობდი და მიმდინარეობდა წვრთნები", - განაცხადა ახალაიამ.