მართლმადიდებელი ეკლესია ხვალიდან უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება. იგი ხვალიდან დაიწყება. უძღები შვილის კვირადღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.
წმ. სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა. ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა. დაკარგული შვილის შინდაბრუნებით გახარებულმა მამამ ლხინი გამართა. მან მსახურებს უბრძანა, მიერთმიათ მისი ვაჟისთვის "სამოსელი პირველი" და ზვარაკები დაეკლათ.
უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს კი, ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.
დიდმარხვის დაწყებას წინ კიდევ ყველიერ ის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ. დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყება და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.