რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"1-ელ მარტს პრაღაში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, აბაშიძის შეხვედრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებულ რიგ საკითხებზე პოზიტიური ძვრები განხორციელდა. შედგა კონტაქტები უმაღლეს დონეზე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მიიღო. დავოსში ხანმოკლე შეხვედრა შედგა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის. სტრასბურგში ერთმანეთს შეხვდნენ ორი ქვეყნის საპარლამენტო წრეების წარმომადგენლები. ყოველივე ამან გარკვეულ სფეროებში, პრაქტიკული საკითხების გადაჭრის მხრივ, აუცილებელი პოზიტიური ატმოსფერო შექმნა.
თებერვლის ბოლოს "როსპოტრებნადზორის" ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს ეწვია ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის აღდგენის პირობების შესწავლის მიზნით.
შეხვედრაზე მოხდა აზრთა გაცვლა საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის საკითხების თაობაზე, კერძოდ, საავიაციო გადაზიდვებისთვის რეგულარული ხასიათის მინიჭების საკითხში. დადებითად შეფასდა შეთანხმება ზემო ლარსისა (რუსეთი) და ყაზბეგის (საქართველო) სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის განახლების თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, ცალკე საკითხად განიხილებოდა თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში, ასევე არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესაძლებლობები, გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა მეცნიერებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აქტიური კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებით.
"შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა, რომ ამ ფორმატის შეხვედრები არ იმოქმედებს ჟენევის დისკუსიაზე განხილულ ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ აქტუალურობას უმნიშვნელოვანესი ფორუმის რანგში. ასევე ამ რეგიონში სიტუაციის პროგნოზირების უზრუნველყოფისთვის.
მოახლოებული 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში მიღწეულია შეთანხმება, რომ მასთან დაკავშირებული საკითხები საგნობრივად განიხილება ორი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხრივ.
საერთო ჯამში, შეხვედრა ატარებდა კონსტრუქციულ ხასიათს და ხელი შეუწყო რიგ პრაქტიკულ საკითხებში წინსვლას. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება მომავალი წლის მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.