თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ბაჩანა ახალაიას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
მანვე, ჩაიდინა ორგანიზატორობა თანამონაწილეობით, წამებაში, ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება ან და პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის; ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად და პოლიტიკური შეხედულებე ბის გამო .
მანვე, ჩაიდინა ორგანიზატორობა თანამონაწილეობით, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ე.ი. პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად და პოლიტიკური შეხედულებების გამო, რაც გამოიხატა შემდეგში: ბაჩანა ახალაია 2012 წლის 04 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად და იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ მიიღო ინფორმაცია, რომ შს სამინისტროს შვიდი თანამშრომელი თანაუგრძნობდა ოპოზიციურ პარტიათა კოალიცია "ქართულ ოცნებას", რა დროსაც მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დაარღვია მისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და ორგანიზება გაუკეთა მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, პოლიტიკური ნიშნით მათ დასჯა-წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, 2012 წლის 18 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ შეიტყო, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლები: თეიმურაზ ფალავანდიშვილი, ზაზა ფანცქალაშვილი, მამუკა ჟვანია, დავით ბაგრატაშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, სამველ ბაზოიანი და არსენ მკრტუმიანი უკმაყოფილო იყვნენ არსებული ხელისუფლებით და თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურ პარტიათა კოალიცია "ქართულ ოცნებას". ბაჩანა ახალაიამ განიზრახა პოლიტიკური შეხედულებების გამო მათი დასჯა-წამება, დამამცირებელი და არაადამიანურ მოპყრობა, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაუკეთა ორგანიზება. მან ბრძანება გასცა სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რასთან დაკავშირებითაც პირველი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა დავით ვეკუამ, თბილისი, პოლიციის ქუჩა #10-ში მდებარე სამინისტროს ბაზა ზეპირადი შემადგენლობის სრულად შესაკრებად გამოაცხადა განგაში. დაახლოებით 21:00 საათისთვის, ბაზაზე მივიდა შს მინისტრი ბაჩანა ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად. სამწყობრო მომზადების მოედანზე შეკრებილი იყო I სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა. ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში, სადაც ბაჩანა ახალაიამ მიმართა ზ.ფ-ს. დაამცირა, მას უწოდა მოღალატე, პინგვინი და პოლიტიკური შეხედულებების გამო მიაყენა პირადი ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა. უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები, რომ იგი თანაუგრძნობდა კოალიცია "ქართულ ოცნებას". დავით ვეკუამ სამწყობრო მომზადების მოედანზე დაამცირა, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა - ზ.ფანცქალაშვილი, და სხვა თანამშრომლები: თ.ფ., ა.მ., მ.ჟ., დ.ბ., ს.ბ. და მ.ე.რომლებსაც ასევე მიიჩნევდნენ კოალიცია "ქართული ოცნების” მხარდამჭერებად, ყველას ჩამოახია სამხრეები და უთხრა, რომ მათი კარიერა დამთავრდა. შემდეგ ახალაიამ სამწყობრო მოედნის გარშემო არბენინა ზ.ფ. და თ.ფ., მან ზ.ფ-ს კვლავ მიაყენა ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დ.ვეკუას უბრძანა, შემდგომი მოქმედებები გაეგრძელებინათ ისე, როგორც შეთანხმებული იყვნენ. 19 აგვისტოს დილით ადრე, ბაჩანა ახალაია დავით ვეკუასთან ერთადერთიანი მიზნით და განზრახვით აგრძელებდა რა დანაშაულებრივ ქმედებებს, ამ უკანასკნელმა თავის კაბინეტში დაიბარა ზემოხსენებული პირები, უწოდა მათ მოღალატეეები და შეაგინა დედა. მოთხოვა დაეწერათ პატაკები სამსახურიდან წასვლაზე, შემდეგ კი შეცვალა მოთხოვნა და უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე. ბაჩანა ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად დაახლოებით 09 საათზე დავით ვეკუამ შეკრიბა პირადი შემადგენლობა სამწყობრო მოედანზე და აცნობა, რომ შს მინისტრის ბრძანებით იალღუჯას სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრში უნდა გაევლოთ რეინჯერების კურსი, რა დროსაც მწყობრის წინ გაიყვანა ზემოაღნიშნული შვიდივე პირი, კვლავ უწოდა მოღალატეები და მიაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა. დანით ააჭრა სამკერდე ნიშნები და დაყარა იქვე, შემდეგ ზ.-ს და ს.ბ-ს ხელი გაარტყა სახეში, რითაც დაამცირა, ჩააყენა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, ასევე მიაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. 2012 წლის 19 აგვისტოს, მიუხედავად იმისა, რომ ამავე დღეს შს მინისტრის ბრძანების თანახმად ყველა მათგანი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, შს მინისტრის მიერ ამავე დღეს გამოცემული მეორე ბრძანების საფუძველზე ზემოაღნიშნული შვიდი ოფიცერი სხვა ოცდათვრამეტ ოფიცერთან ერთად სატვირთო ა/მანქანით წაიყვანეს იალღუჯაზე მდებარე სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრში, სადაც ასვლისთანავე დასასჯელად აყვანილი შვიდი თანამშრომელი გაიყვანეს ცალკე. სადაც ვითომდა თავდაცვის სამინისტროდან გადმოყვანილმა ინსტრუქტორებმა, სინამდვილეში კი თავდაცვის სამინისტროსთან კოტრაქტ გაწყვეტილმა ყოფილმა სერჟანტებმა, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ მოქალაქეები და სასწავლო ცენტრში მიყვანილი იქნენ უკანონოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის მისაღებად: ალექსი დავითაშვილის ხელმძღვანელობით,- დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ ვლადიმერ ზანგიევამ, იქ მყოფი შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული ფიზიკური პირის - ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორის, დავით ჩუბინიძის მითითებით ყველას ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები. ალექსი დავითაშვილმა მ.ჟ-ს ჩანთაში უპოვა ტელეფონი, რის გამოც შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსმა მამუკა აბაშიძემ და ა.დავითაშვილმა სასტიკად სცემეს მას, რის შემდეგ მალევე შვიდივე თანამშრომელი წაიყვანეს სარბენად, მაგრამ ძლიერ ნაცემმა მ.ჟ-მ ვერ შეძლო სირბილი, ასევე სირბილისას ჩამორჩა ს.ბ, რომლებსაც სერჟანტმა ლადო ზანგიევამ, კისერზე მოაბა ქამარი და ორივე ათრია გზაზე, ამის შემდეგ ა.დავითაშვილმა, დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ და ვლადიმერ ზანგიევამ შვიდივე პირს მიაყენეს პირადი ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც შეიყვანეს საწვრთნელ ბაზაზე განთავსებულ მიტოვებულ შენობაში და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კარები გარედან დაუკეტეს ბოქლომით. გარკვეული დროის შემდეგ ა.დავითაშვილმა შვიდივე გაიყვანა და ე.წ "კერხერით" მიასხა წყლის ჭავლი, რა დროსაც იქ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ჩუბინიძე, რომელთან ერთად იმყოფებოდა დავით გიორგაშვილი, რობერტ სუთიძე, ვლადიმერ ზანგიევა და სამოქალაქო ფორმიანი რამდენიმე პირი. დ. ჩუბინიძემ მიმართა ზ.ფ-ს, რომ ის იყო ყველაზე მეტი ბუნტისთავი და აძალებდა ეთქვა, ვინ აქეზებდა, რა დროსაც მის ხელთ არსებული ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხებში ესროლა. ამის შემდეგ ზ.ფ-ს იარაღის კონდახი ჩაარტყა სახეში. დ.ჩუბინიძემ იარაღის კონდახი თავში ასევე ჩაარტყა დ.ბ-ს და ა.მ-ს, დანარჩენებს კი კონდახი ჩაარტყა მკერდის არეში. რის შემდეგაც დ.ჩუბინიძის ბრძანებით დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ და ვლადიმერ ზანგიევამშვიდივე დაამცირეს და ჩააყენეს არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. გააშიშვლეს და ცემეს ქამრებით, შემდეგ მიიყვანეს სასწავლო ცენტრში მყოფი სხვა თანამშრომლები და დ. ჩუბინიძემ აიძულა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ გაშიშვლებული, ნაცემი ბიჭებისთვის, როგორც ქვეყნის მოღალატეებისთვის, რადგან თანაუგრძნობდნენ "ქართულ ოცნებას". შვიდივე ნაცემი და ნაწამები თანამშრომელი ჩაყარეს ამოთხრილ ორმოში და ზემოდან დააყარეს მიწა. მათი წასვლის შემდეგ, ნაწამებმა პირებმა მოახერხეს თხრილიდან ამოსვლა, რის შემდეგ ა.დავითაშვილმა დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ და ვლადიმერ ზანგიევამ კვლავ გაგრძელეს წამება, შვიდივე თანამშრომელი წაიყვანეს საველე კლასში, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემეს ჯაჭვის და ჯოხის გამოყენებით, რა დროსაც მათთან მივიდა მამუკა აბაშიძე და უთხრა, რომ ვერ გაიარეს ფსიქოლოგიური კურსი, ხოლო ალექსი დავითაშვილმა, ზანგიევამ, სუთიძემ და გიორგაშვილმა ნაცემ მდგომარეობაში მყოფები შეიყვანეს ზემო აღნიშნულ მიტოვებულ შენობაში, კვლავ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კარები დაუკეტეს ბოქლომით და ამყოფეს იქ დილამდე, სადაც ეძინათ იატაკზე. მეორე დღეს შვიდივე ძლიერ ნაცემი თანამშრომელი გადაიყვანეს კარავში. გვიან ღამით მათთან მივიდა დავით ვეკუა და სცემა შვიდივე, რის შემდეგ ზ.ფ_ს დააფერფლა სიგარეტი ხელზე და უბრძანა, რომ ფერფლი წაესვა სახეზე და მასვე სანთებელით თავზე თმები შეუტრუსა. ზემოხსენებული პირები იალღუჯას საწვრთნელ ბაზაზე, წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში იმყოფებოდნენ 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე, ამ დროის განმავლობაში დავით ვეკუა რამდენიმეჯერ ავიდა იალღუჯის სასწავლო ცენტრში და ყველა ჯერზე შვიდივე თანამშრომელს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამცირებდა და აყენებდა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. იალღუჯის ბაზიდან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე შვიდივე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ეთქვათ ვითომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ წვრთნის დროს, სხვა შემთხვევაში ოჯახებს აუწიოკებდნენ.
2012 წლის 20 სექტემბერს ცნობილი მოვლენების გამო ბაჩო ახალაია გადადგა შს მინისტრის თანამდებობიდან. რის შემდეგ შ.ს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ იალღუჯას სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრიდან შვიდივე პირი დააბრუნა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ახალი ბრალდება წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით.